საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
22 ნოემბერი, 2022 რა უნდა იცოდე ირანში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს ირანში 60-მდე ბავშვი ემსხვერპლა. მათ შორის რვა წლამდე ბავშვებიც არიან. 

“The guardian” ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის აქტივისტებზე (HRA) დაყრდნობით წერს, რომ 16 სექტემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, 46 ბიჭი და 12 გოგონა დაიღუპა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ გასულ კვირას უსაფრთხოების ძალებმა ხუთი ბავშვი მოკლეს. მათ შორისაა ცხრა წლის კიან პირფალაკი, ვინც ერთერთია ქალაქ იზეში დაღუპული შვიდი ბავშვიდან.

კიანის დაკრძალვაზე მისმა ოჯახმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა საოჯახო მანქანას, სადაც კიანი მამამისის გვერდით იჯდა, ცეცხლი გაუხსნა. ირანის უსაფრთხოების სამსახური უარყოფს მონაწილეობას და სროლაში “ტერორისტებს” ადანაშაულებს. 

პროტესტი და ძალადობრივი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გრძელდება. 

the guardian

მიესაჯა თუ არა სიკვდილი 15 000 მომიტინგეს ირანში?

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორთვიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის ირანში დაახლოებით 15 000 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

“ალჯაზირამ” ამ ინფორმაციის გადამოწმებისას დაადგინა, რომ ირანში 15 000 ადამიანისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გამოუტანიათ. ირანის სასამართლო აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ საქმეებზე მსგავსი განაჩენი 5 პირს გამოუტანეს. 

საზღვარგარეთ მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედია ორგანიზაციების მიხედვით, რიცხვი 15 000 დაკავებულ პირთა ოდენობას აღნიშნავს. ამავე წყაროების ცნობით, პროტესტის განმავლობაში 350-ზე მეტი მომიტინგე დაიღუპა.

“ალჯაზირას” ცნობით, სიკვდილით დასჯის შესახებ გავრცელებული ცნობები 227 პარლამენტარის მიერ ხელმოწერილი განცხადებიდან მომდინარეობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ადამიანებს, რომლებიც „მოჰარებეში“ მონაწილეობენ (ღმერთების წინააღმდეგ ომი, იგივეა რაც ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებები) შესაბამისად უნდა მოეპყრონ, რათა ეს მათთვის გაკვეთილი იყოს. 

“მოჰარებე” ირანის სასამართლოს მიერ გამოყენებული ბრალდებაა, რომლითაც სიკვდილით დასჯის შეფარდებაა შესაძლებელი.  მას შემდეგ, რაც პარლამენტარების ხელმოწერილი განცხადება სოციალურ ქსელებში კრიტიკის საგნად იქცა, ზოგიერთი დეპუტატი საკუთარი პოზიციის დაზუსტებას ცდილობდა. მათი თქმით, ამ განცხადებაში არ გულისხმობდნენ, რომ ყველა მომიტინგისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენი უნდა გამოეტანათ. 

AP Photo

ხუთი სიკვდილმისჯილიდან პირველი სასიკვდილო განაჩენი ირანში უსახელო “აჯანყებულს” გამოუტანეს, მას ბრალი “მოჰარებეში” ედება - “კორუფციის გავრცელებაში დედამიწაზე”, “სამთავრობო ცენტრზე ცეცხლის წაკიდებაში”, “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა” და “შეთქმულების მოწყობაში ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ”.

რაც შეეხება დანარჩენ ოთხ პირს - ორ მათგანს ბრალად ედება ქუჩაში დანის გამოყენება, ხალხში შიშისა და ტერორის გამოწვევისთვის. ასევე თავდასხმა და ცეცხლის წაკიდება. ერთერთ ბრალდებულს პოლიციელის მკვლელობა ედება ბრალად, ერთს კი ქუჩის არეულობის დროს „ლიდერის“ როლის შესრულება და ქუჩების გადაკეტვა.

სასამართლოს თქმით, თეირანში მიღებული გადაწყვეტილებები არაა საბოლოო. მას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დამტკიცება სჭირდება. ამის შედეგ კი დეტალების გასაჯაროებაც გახდება შესაძლებელი.

სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თეირანში 1000-ზე მეტი საბრალდებო დასკვნაა გამოტანილი „აჯანყებულების“ წინააღმდეგ, ასევე მრავალი განაჩენია გამოტანილი ქვეყნის სხვა ნაწილებში.

რა რეაქცია აქვს მსოფლიოს ირანში მიმდინარე მოვლენებზე?

მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევისა და ირანელი ქალების მიმართ ძალადობის გამო ირანის ე.წ. მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები სექტემბერში აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა.

ოქტომბერში კი აშშ-ის ახალი სანქციები თეირანში მდებარე ევინის ციხის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს, ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს მაღალჩინოსნებს, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალჩინოსნებსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეეხო. 

სანქცირებულთა სიაში მოხვდა რავინის აკადემიაც, სადაც აშშ-ის ცნობით, კიბერუსაფრთხოების სფეროში კადრების მომზადება და სამინისტროსთვის თანამშრომლების შერჩევა და გადაბირება ხდება. ასევე, ირანული კომპანია Samane Gostar Sahab Pardaz Private Ltd Co, რომელიც მთავრობის მიერ ინტერნეტში ცენზურის დაწესებასთან პირდაპირ კავშირშია

„გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა მხარი დავუჭიროთ ირანელ ხალხს იმ დროს, როდესაც ისინი მშვიდობიანად მართავენ საპროტესტო გამოსვლებს თავიანთი უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დასაცავად," - ნათქვამი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

16 ნოემბერს კი გაერომ ირანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა. რეზოლუციის მიხედვით, ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს ირანში ადამიანების სიკვდილით დასჯის მაღალი სიხშირის გამო.

ასამბლეა მტკიცედ მოუწოდებს ირანს, რომ ქალთა მიმართ ყველა სახის სისტემური დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა აღმოფხვრას, უზრუნველყოს ქალთა უფლებების დაცვა - მათ შორის, ადრეული და იძულებითი ქორწინების აკრძალვით. და ასევე უზრუნველყოს მათი თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, მართლმსაჯულებაზე და ა.შ. 

რეზოლუციით გაერო ირანს ასევე მოუწოდებს, რომ:

  • შეწყვიტოს ძალის გადამეტებული გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ;

  • ​აღმოფხვრას ყველა სახის დისკრიმინაცია, რომელიც ხორციელდება ადამიანის აზრის, რელიგიის ან რწმენის საფუძველზე.

სად არის საქართველო?

ირანის შესახებ რეზოლუციას მხარი 79-მა სახელმწიფომ დაუჭირა, წინააღმდეგ 28 წავიდა, 68 ქვეყანამ კი თავი შეიკავა. მათ შორის იყო საქართველოს დელაგაციაც, რომელმაც გენერალური ასამბლეის ე.წ. მესამე კომიტეტის (სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებზე მომუშავე კომიტეტი) სხდომაზე ირანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის პროექტს ხმა არ მისცა.
 

აღნიშნულთან დაკავშირებით სააგრეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია. რატომ არ დაუჭირა მხარი საქართველომ რეზოლუციას? - ამ კითხვით Enigma media უწყების პრესსამსახურს ესაუბრა. თუმცა, ამ კითხვაზე მათ არ გვიპასუხეს. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ განცხადება არ გაუკეთებიათ.

საპროტესტო აქციები ირანში სექტემბრის შუა რიცვებიდან იმართება, მას შემდეგ რაც 22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ ირანის ქალთა ჩაცმულობის წესების შეუსრულებლობის გამო დააკავა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ცემისას მოკლა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომა შეუზღუდოს, ჩვენ მუდმივად გვესმის სიახლეები ირანში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაზე. ირანელი აქტივისტები და არა მარტო მაქსიმალურად ცდილობენ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრონ მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამისთვის მათ, კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატიც გამოიყენეს, სოლიდარობის ნიშნად, ირანელმა ფეხბურთელებმა თამაშის წინ ეროვნული ჰიმნი არ შეასრულეს

ამავე თემაზე წაიკითხეთ ახსნილი: 

კომენტარები