საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში  უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენა დაიწყო, პარლამენტი დღეს მოსამართლეებს გენადი მაკარიძესა და თამარ ოქროპირიძეს გაესაუბრება. ხოლო, ხვალ ნინო სანოძესა და თეა ძიმისტარაშვილს.

კანდიდატების მოსმენას ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ „ევროპელი სოციალისტები“, პარტია „მოქალაქეებიდან“ - ლევან იოსელიანი, ხოლო „გახარია - საქართველოსთვის“ პარტიიდან ანა ბუჩუკური ესწრებიან.

ანრი ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის წევრები კანდიდატებს კომპეტენციასთან და ბიოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე დაუსვამენ კითხვებს. 

გარდა ამისა, გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ, როგორც არასაპარლამენტო სუბიექტებს, კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

24 ნოემბერს, საერთაშორისო გამჭირვალობის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ გაუმართლებლად მიიჩნევს გასაუბრებების დაწყებას. მათი თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია კანდიდატთა წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადა.

"მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის არსებული წესი ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წარმართვას პარტიული გავლენებისგან თავისუფლად და შერჩევის წინა შემთხვევები აჩვენებს, რომ კანდიდატები არ ფასდებიან მათი კვალიფიკაციისა და პროფესიული კეთილსინდისიერების მიხედვით" - ვკითხულობთ განცხადებაში.

უზენაეს სასამართლოში ამჟამად 5 ვაკანტური პოზიციაa და 3 კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსი 2020 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა, მოსამართლეები თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი უკვე მონაწილეობდნენ წინა, 2020 წლის 7 ოქტომბრის განკარგულებით გამოცხადებულ კონკურსში, თუმცა ისინი შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. 

მოსამართლეების შერჩევის პროცესის შეჩერებისკენ საქართველოს მთავრობას დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ - მათი განცხადებით, პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ აღნიშნული პროცესებით "ქართული ოცნება" ე.წ. კლანს აძლიერებს და სასამართლოს დამოუკიდებლობას კიდევ უფრო მეტად აქვეყნებს ეჭვქვეშ.

კომენტარები