საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
აქტივისტები თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ - მიზეზი ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეა აქტივისტები თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ - მიზეზი ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეა
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

აჭარის მთავრობის სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მათი თქმით, ისინი არ დაიშლებიან, სანამ თორნიკე რიჟვაძე თანამდებობიდან არ გადადგება.

აქტივისტები ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეში ჩართული ყველა ადამიანის  სამართლიანად დასჯას მოითხოვენ. თუმცა გამოძიებას არ ენდობიან და დიპლომატებს საქმეში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა - მიზეზი სისხლში შაქრის მომატებული რაოდენობა გახდა. მისი ოჯახის წევრები და თანაპარტიელები ამბობენ, რომ ფუტკარაძის ნერვიულობის საფუძველი მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლა გახდა - ენმ-ის განცხადებით, ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვების მიზნით "ქართული ოცნება" ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირებას ცდილობდა.

აჭარის „ერთიანი ნაციონალური მოძრაბის“ რეგიონული ორგანიზაციის წევრებმა  აუდიოჩანაწერებს გაასაჯაროეს - მათი მტკიცებით, ჩანაწერებზე ჩანს, თუ როგორ ცდილობენ თორნიკე და დათო რიჟვაძეების დავალებით კონკრეტული პირები ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რევაზ ხარაზის თქმით, „ენმ-ს“ მიერ, ბათუმის საკრებულოს წევრზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლის ამსახველი აუდიოჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ 24 საათი გავიდა, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ არ დაწყებულა. იგი აცხადებს, რომ  პირადად მას მოცულობითი ინფორმაცია აქვს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

პარალელურად აქცია თბილისში „ქართული ოცნების“ სათავო ოფისთანაც მიმდინარეობს - შეკრებილები აქაც თორნიკე რიჟვაძის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შესახებ საგანგებო ბრიფინგი 24 ნოემბერს გაიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. 

გიორგი კირთაძის განცხადებით, ასლან აბაშიძის დროინდელი ყოფილი ძალოვნები - ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით ნუგზარ ფუტკარაძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და მას გადაბირების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. მისი თქმით, ვაჟა თაბაგიძე ასლან აბაშიძის დროს აჭარის სამძებროს უფროსი იყო, ხოლო ბადრი ბაკურიძე, ბათუმის უშიშროების უფროსის პოზიციას იკავებდა.

კირთაძის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძე პირადად აყენებდა მას საქმის კურსში აღნიშნული საუბრების შესახებ, ხოლო მას შემდეგ რაც ზეწოლა გაუსაძლისი გახდა, მან ჩანაწერების გაკეთება დაიწყო და გიორგი კირთაძეს მიაწოდა.

აჭარის ენმ-ის ორგანიზაციის წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებზე ზეწოლის შესახებ ჯერ კიდევ 5 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საუბრობდნენ. მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ვერ მოიპოვა, საკრებულოს 19 კანდიდატი ოპოზიციის წარმომადგენილი იყო, ხოლო 16 ქართული ოცნებიდან. გიორგი კირთაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ჯერ "გახარია - საქართველოსთვის" კანდიდატი გადაიბირა, ხოლო შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე დაიწყო ზეწოლა.

მთავარი ფოტო: კადრი პირდაპირი ეთერიდან / Formula
კომენტარები