საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობით გამოძიება დაიწყო ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობით გამოძიება დაიწყო
სტატია გამოქვეყნებულია 1 კვირის წინ

ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის, გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრები. გარდა ამისა, აუდიოჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაბარებულები არიან გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი.

ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა - მიზეზი სისხლში შაქრის მომატებული რაოდენობა გახდა. მისი ოჯახის წევრები და თანაპარტიელები ამბობენ, რომ ფუტკარაძის ნერვიულობის საფუძველი მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლა გახდა - ენმ-ის განცხადებით, ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვების მიზნით "ქართული ოცნება" ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირებას ცდილობდა.

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შესახებ საგანგებო ბრიფინგი 24 ნოემბერს გაიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. 

გიორგი კირთაძის განცხადებით, ასლან აბაშიძის დროინდელი ყოფილი ძალოვნები - ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით ნუგზარ ფუტკარაძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და მას გადაბირების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. მისი თქმით, ვაჟა თაბაგიძე ასლან აბაშიძის დროს აჭარის სამძებროს უფროსი იყო, ხოლო ბადრი ბაკურიძე, ბათუმის უშიშროების უფროსის პოზიციას იკავებდა.

კირთაძის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძე პირადად აყენებდა მას საქმის კურსში აღნიშნული საუბრების შესახებ, ხოლო მას შემდეგ რაც ზეწოლა გაუსაძლისი გახდა, მან ჩანაწერების გაკეთება დაიწყო და გიორგი კირთაძეს მიაწოდა.

აჭარის ენმ-ის ორგანიზაციის წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებზე ზეწოლის შესახებ ჯერ კიდევ 5 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საუბრობდნენ. მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ვერ მოიპოვა, საკრებულოს 19 კანდიდატი ოპოზიციის წარმომადგენილი იყო, ხოლო 16 ქართული ოცნებიდან. გიორგი კირთაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ჯერ "გახარია - საქართველოსთვის" კანდიდატი გადაიბირა, ხოლო შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე დაიწყო ზეწოლა.

კომენტარები