საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
07 დეკემბერი, 2021 გრიფით საიდუმლო ხელშეკრულება და ენერგოდავა რუსულ "ინტერ რაოსთან" - ახსნილი
სტატია გამოქვეყნებულია 1 თვის წინ

1 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს რუსული ენერგოკომპანია "ინტერ რაოსთვის" 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააკისრა

საარბიტრაჟოს გადაწყვეტილებამ პოლიტიკურ სპექტრსა და არასამთავრობო სექტორში სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია. მმართველი გუნდი, ასე თუ ისე, კმაყოფილია, მისი ოპონენტები კი გამოძიების დაწყებასაც კი ითხოვენ.

ჩვენ შევეცდებით, აგიხსნათ, რა ხდება რუსულ ენერგოკომპანიასა და საქართველოს შორის, როგორ დაიწყო დავა და რას შეიძლება ველოდეთ. 

1

რა ხდება?

სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ ქართულ მხარეს რუსული ენერგოკომპანია "ინტერ რაოსთვის" 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. კომპანია 200 მლნ დოლარს ითხოვდა, თუმცა იუსტიციის სამინისტროს ცნობით, "საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა".

თბილისის მოქმედმა მერმა და ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ "სახელმწიფოს დავა არ წაუგია, ეს არის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება", რადგან საქართველოს კომპანიის მიერ მოთხოვნილი 200 მლნ-ის ნაცვლად 80.5 მლნ-ის გადახდა დაეკისრა.

როგორც ცნობილია, "ინტერ რაოსთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას გრიფით საიდუმლოს სტატუსი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებისთვის უცნობია მისი შინაარსი. ჟურნალისტების კითხვაზე გრიფის სტატუსის მოხსნასა და გამოძიებაზე, IPN-ის ცნობით, კალაძე ასე პასუხობს:

„ხელშეკრულებას 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო „გრიფით საიდუმლო“. შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესაც ჯერ დასადგენია, რადგან გასაჩივრებულია ზედა ინსტანციაში”.

2

როგორ დაიწყო უთანხმოება საქართველოსა და რუსულ კომპანიას შორის?

რუსულ ენერგოკომპანიასა და საქართველოს შორის უთანხმოება სამომხმარებლო ტარიფის ცვლილების გამო დაიწყო. 2012 წლის მიწურულს მთავრობასა და ენერგოკომპანიებს შორის გაფორმებული მემორანდუმით ტარიფი 3 თეთრით შემცირდა. ტარიფის კლება კი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირებასთან იყო დაკავშირებული - პარტია ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კომუნალური გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. თუმცა "ინტერ რაოში" ამტკიცებენ, რომ ლარის გაუფასურების შემდეგ, ახალი ტარიფის გამო, დიდი ზარალი მიადგათ.

როგორც სემეკ-ის იმდროინდელი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ტარიფის კლებაზე თანხმობა გაცხადებული ჰქონდა საქართველოში ელექტროენერგიის ორ პროვაიდერ კომპანიას - "თელასსა" და "ენერგო პრო ჯორჯიას"

3

რატომ დათანხმდა "ინტერ რაო" ტარიფის კლებას?

რუსული გამოცემა "კომერსანტი" 2013 წლის აპრილში წერდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კომპანია ინვესტიციებზე უარის თქმის სანაცვლოდ დაითანხმა.

"კომერსანტის" ანონიმური წყაროს ცნობით, ქართული მთავრობა ტარიფის ცვლილების სანაცვლოდ დათანხმდა "ინტერ რაოს", რომ კომპანიას 2025 წლამდე აღარ განეხორციელებინა ინვესტიციები. მედიის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ტარიფის შემცირების პირობა 2016 წლამდე მიიღო, ხოლო როგორი იქნებოდა ელექტროენერგიის საფასური 2017 წლიდან - შეთანხმებული არ იყო.

რუსული მედიის ამ ინფორმაციას იმდროინდელი მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ინტერ რაო" ინვესტიციების განხორციელების ვალდებულებისგან არ გათავისუფლებულა.

IPN-ის ცნობით, "ინტერ რაომ" სემეკს ტარიფის გადახედვის მოთხოვნით 2016 წელს მიმართა, კომპანია ლარის გაუფასურებით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებასაც ითხოვდა. 

2017 წელს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ინტერ რაომ" საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა. კომპანია საქართველოსგან 200 მლნ აშშ დოლარს ითხოვდა.

მთელი ეს პროცესი კი იმის ფონზე მიმდინარეობდა, რომ ხელშეკრულება და მისი პირობები საზოგადოებისთვის უცნობი რჩება. მოსახლეობა ინფორმაციას მხოლოდ მხარეებზე დაყრდნობით იღებს.

4

რა მნიშვნელობა აქვს საკითხზე მოკვლევის დაწყებას?

საქართველოს სახელმწიფოსა და “ინტერ რაოს” შორის არსებულ შეთანხმებებს გრიფით საიდუმლო სტატუსი აქვს. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელშეკრულება უნდა გასაჯაროვდეს და ცნობილი გახდეს, ხომ არ გაფორმდა “ინტერ რაოსთან” თანამშრომლობის რომელიმე ეტაპზე სახელმწიფოს დამაზიანებელი შეთანხმება. 

ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რაში დაიხარჯება საბიუჯეტო სახსრები.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ “გრიფის” გამოყენებისასაც უნდა არსებობდეს გარკვეული სტანდარტები. “ინტერ რაოსთან” გაფორმებული ხელშეკრულება იმითაც არის საინტერესო, რომ კომპანია რუსულია. ნანუაშვილი ამბობს, რომ როცა ტარიფებსა და მომხმარებელთა უფლებებზეა საუბარი, დოკუმენტაცია უნდა იყოს საჯარო.

კახა კალაძის თქმით, ხელშეკრულებას გრიფით საიდუმლო “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაედო და მას “ეს ხელშეკრულება დახვდა”. თუმცა აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის უცნობია სახელმწიფოსა და კომპანიას შორის “ქართულ ოცნებას” შორის გაფორმებული მემორანდუმის პირობებიც. იმდროინდელი ენერგეტიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ საქმეზე მოკვლევის დაწყება არ არის საჭირო. 

„გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს?” - ამბობს კალაძე.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ შეთანხმების “გრიფით გასაიდუმლოება” ისედაც აჩენს ეჭვებს, “ხომ არ არის კორუფციული ინტერესი ან გარიგებები ამ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის”. ყოფილი სახალხო დამცველი არ გამორიცხავს, რომ გასაიდუმლოებული ხელშეკრულება კაბალურ პირობებში აყენებდეს ქვეყანას და ხელისუფლება სწორედ ამიტომ არ ასაჯაროვებდეს მას. 

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, შესაძლოა, ქვეყნის უშიშროების საკითხიც კი იყოს და მისი საზოგადოებისგან დამალვა, ცხადია, ეჭვებს ბადებს.

„დამოუკიდებელ მაკონტროლებელ ორგანოებს, მედიას უნდა შეეძლოს ამ საკითხების გადამოწმება. აქ აუცილებელია კონკრეტული გამოძიების ჩატარება, რომელიც ძალიან ბევრ კითხვას გასცემდა პასუხს”, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი “ენიგმასთან” საუბრისას.

5

რას ნიშნავს საარბიტრაჟო დავა და როგორია მისი შედეგები?

ქვეყანაში შემოსული ინვესტორი და სახელმწიფო ხელშეკრულების დადებისას თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტენ მხარეები შესაძლო დავებს. საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალი ერთერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული გზა არის იმისათვის, რომ კომპანიებსა და სახელმწიფოებს შორის დავა მოგვარდეს.

საქართველოსა და “ინტერ რაოს” შორის დავა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილა. რუსული ენერგოკომპანია აცხადებდა, რომ ის დაზარალდა და 200 მლნ აშშ დოლარს ითხოვდა. რამდენიმეწლიანი განხილვის შემდეგ საქართველოს 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

იმდროინდელი ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ საარბიტრაჟოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია “ზედა ინსტანციაში”. თუმცა მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, თუ რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება.

სამართალმცოდნე რაულ აგიკიანის თქმით, საარბიტრაჟო სასამართლოს კლასიკური გაგებით ზედა ინსტანცია არ აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ გადაიხედება არა მისი შინაარსობრივი ნაწილი, არამედ ფორმალური მხარე - “ამ ნაწილში იხილავს დიდი პალატა გადაწყვეტილების ფორმალურ გამართულობას. თუ ჩაითვლება, რომ დაირღვია წარმოების წესები, ფორმალურად, შეიძლება არბიტრაჟმა ხელახლა განიხილოს საქმე”.

აგიკიანი “ენიგმასთან” საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია საარბიტრაჟო პრაქტიკაში. საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოები, მათივე რეპუტაციის გამო, წესების სრული დაცვით მოქმედებენ და ხელახლა განხილვა საჭირო არ ხდება.

რატომ დააკისრა არბიტრაჟმა საქართველოს 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა და კონკრეტულად რა თანხაზეა საუბარი - ჯერ-ჯერობით უცნობია. რაულ აგიკიანის თქმით, სახელმწიფო უნდა ასაჯაროვებდეს ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რის გამო დაეკისრა ქვეყანას თანხის გადახდა და არის თუ არა ენერგოკომპანიის გარკვეული მოთხოვნები დაკმაყოფილებული.

საერთაშორისო დავებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარადგენს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სამინისტრომ ამ თემაზე უკვე გაავრცელა ინფორმაცია.

დამატებითი დეტალებისთვის "ენიგმამ" საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა და იუსტიციის სამინისტროსგან პასუხს ელოდება.

6

კომპანიასა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ისტორია

ფოტო: khramhesi.ge

"ინტერ რაო" საქართველოს ენერგობაზარზე 2003 წელს გამოჩნდა - მასთან გაფორმებულ ყველა ხელშეკრულებას გრიფით საიდუმლო სტატუსი აქვს მინიჭებული. 

"ინტერ რაო" ამჟამად ორ ჰიდროელექტროსადგურს ფლობს - "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". კომპანიას სს "თელასში" 75%-იანი წილი ეკუთვნის. საჯარო რეესტრის მიხედვით, თელასის ამჟამინდელი  გენერალური დირექტორი სერგეი კობცევია.

გარდა ამისა, რუსული კომპანია ფლობდა გარდაბნის თბოელექტროსადგურსაც და, შესაბამისად, შპს “მტკვარის ენერგეტიკას” 100%-იანი წილს. "ინტერ რაომ" საკუთრება საერთაშორისო ინვესტორების კონსორციუმს 2016 წელს მიჰყიდა.

2008 წელს რუსული კომპანია “ინტერ რაო” რაჭაში ჰესების მშენებლობით დაინტერესება ადასტურებდა. “თელასის" მიერ ჰესის მშენებლობას საქართველოს მთავრობასა და “რაო ეეს”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებდა.

7

 "ინტერ რაოს" რუსული კავშირები

Inter RAO Group ერთადერთი რუსული ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტიორი ოპერატორია. ის დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგის მმართველი კომპანიაა, რომელიც აქტივებს მართავს რუსეთში, ევროპასა და დსთ-ში. 

2018 წელს აშშ-ში გამოქვეყნდა "ანგარიში კრემლის შესახებ" სადაც საუბარი რუსულ კომპანია “ინტერ რაოსაც” ეხებოდა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 210 პოლიტიკოსზე და ბიზნესმენზეა საუბარი. მაღალჩინოსნებს შორის არიან რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

ჩამონათვალში მოხვდნენ მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებიც, მათ შორის, „ინტერ რაოს“ და „გაზპრომის" ხელმძღვანელები, ბორის კოვალჩუკი და ალექსეი მილერი

ადმინისტრაციას უნდა განეხილა, დაეწესებინა თუ არა მათ სანქციები იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთის დასჯას მისი ჩარევისთვის აშშ-ს 2016 წლის არჩევნებში, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ყირიმის ანექსიისთვის და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისთვის.

კომენტარები